სტუდენტთა სახელმწიფო სტიპენდია გაორმაგდება და 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარი გახდება – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, გაორმაგდება სახელმწიფო სტიპენდიანტთა რაოდენობაც – 2500-დან 5000-მდე.
პრემიერი აღიარებს, რომ ეს თანხა, „რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს“, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ჟესტით სახელმწიფო წარჩინებულ სტუდენტებს მაინც აფასებს.
განათლების თემაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლებაც გააკრიტიკა – აღნიშნა რა, რომ მისი პირველი პრემიერობის დროს დაფუძნებულმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა ათასზე მეტი წარჩინებული სტუდენტი გაუშვა უცხოეთში, ხოლო წინა ხელისუფლება, მათ შორის პრეზიდენტი, „საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას. ეს არის განსხვავება“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
უცხოეთში, კერძოდ აშშ-ში სასწავლებლად წელს პრემიერ-მინისტრის შვილიც გაემგზავრა – „ტვ პირველის“ ცნობით, გზის ნაწილი – გერმანიის ქალაქ მიუნხენამდე, პრემიერმა, ოჯახთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით დაფარა. საქართველოს მთავრობაში ამას არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ ხარჯები ბიუჯეტიდან არ გაწეულა და პრემიერმა თვითმფრინავი თავად დაიქირავა. ხომალდის მომსახურე კომპანიის დირექტორის განცხადებით, თვითმფრინავი არა მარტო ოფიციალური ვიზიტებისთვის, არამედ ყველგან, საჭიროებისამებრ გამოიყენება.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ღარიბაშვილმა მგზავრობის ხარჯები თავად დაფარა, დეტალებს კი პრემიერის დეკლარაციაში ვიხილავთ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილი სახელმწიფო თვითმფრინავის გამოყენების გამო უნდა გადადგეს, ხოლო არასამთავრობო სექტორში გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ.