ახალი ამბები

ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ითხოვს

10 სექტემბერი, 2023 • 4214
ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ითხოვს

„ირაკლი ღარიბაშვილმა არა მარტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, არამედ ის არის დასაჭერი. ამ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაშ შეიცვლება რეალობა – თუ რუსული პარტიის უმრავლესობა დაიშლება და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, დღეს 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ამით ის გამოეხმაურა თვითმფრინავთან დაკავშირებულ ცნობებს შესაძლო კორუფციაზე.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ მდგომარეობს მხოლოდ გადადგომაში, რადგან მისი გადადგომის შემდეგ წულუკიანს თუ დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი კობახიძეს, ამით საქართველოში არაფერი გამოსწორდება. ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი…

…ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის უნდა იყოს დაკავებული. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლებას ცინიკურად ციხეში ჰყავს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ჰილარი კლინტონს რომ რედ ბული უყიდა, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი რომ მიიტანა და რაღაც ორი პიჯაკი შეიძინა თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებში დადიოდა, ამის გამო ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე, საქართველოს პარლამენტში ასევე უმრავლესობის წევრებს მოვუწოდებ, რომ დატოვონ რუსული პარტიის უმრავლესობა”, – განაცხადა ხაბეიშილმა.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

როგორც ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი