ახალი ამბები

ხაზარაძე პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს

10 სექტემბერი, 2023 •
ხაზარაძე პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს სამთავრობო თვითმფრინავთან დაკავშირებული ამბის გამო.

“საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი… თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა – იმპიჩმენტი ღარიბაშვილს”, – წერს ხაზარაძე.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

როგორც ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

„ნეტგაზეთმა“ პრემიერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებაზე კომენტირება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ სთხოვა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს:

„გავრცელებული ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის (ამ შემთხვევაში – შვილის უნივერსიტეტში წასაყვანად) სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების და სხვა რესურსების გამოყენების შესახებ, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ეს უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი,“ — გვითხრეს საიაში.

იმპიჩმენტისთვის საჭიროა 100 დეპუტატი, რაც ოპოზიციის შემადგენლობაში არ შედის, თუმცა საკითხის ირგვლივ ერთობის შემთხვევაში მათ პროცედურის დაწყება შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა 50 დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი