ახალი ამბები

ჩოხატაურში ენმ-ის წევრებზე თავდასხმისთვის ბრალი 4 პირს წარუდგინეს

5 სექტემბერი, 2023 • 1189
ჩოხატაურში ენმ-ის წევრებზე თავდასხმისთვის ბრალი 4 პირს წარუდგინეს

პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმის საქმეზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა. უწყების განცხადებით, მათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ედავებიან.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს:

„ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ჩოხატაურში ბროშურების დარიგებისას თავს დაეხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ენმ-ს ცნობით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. ენმ-ს წევრის, თათია ნიკოლაშვილის თქმით, მათ 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

შემთხვევა 3 სექტემბერს მაშინ მოხდა, როდესაც ენმ-ის წარმომადგენლები სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ და შესაბამის ბროშურებს ურიგებდნენ ადგილობრივებს.

ენმ-ის ცნობით, პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით მჟავანაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ენმ-ის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში სავარაუდოდ მონაწილეობდა საკრებულოს წევრი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლაშა თოლორდავაც, თუმცა თავად თოლორდავა ამ ფაქტს “ნეტგაზეთთან” უარყოფს.

მისი თქმით, ის იქვე, ბაზარში იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა დაპირისპირება და თავდასხმის ადგილას მაშინ მივიდა, როდესაც პროცესები უკვე დასრულებული იყო. შსს-ს ცნობით გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს

მასალების გადაბეჭდვის წესი