ახალი ამბები

დაველოდებით გახარიას პარტიას – ენმ-მ შოვზე საგამოძიებო კომისიის საკითხი გადადო

5 სექტემბერი, 2023 • 1162
დაველოდებით გახარიას პარტიას – ენმ-მ შოვზე  საგამოძიებო კომისიის საკითხი გადადო

„ნაციონალური მოძრაობა“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ოქტომბრის დასაწყისამდე გადადებს. ამის შესახებ ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს, 5 სექტემბერს, განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადების მიზეზი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვისაა“. აღნიშნული პარტია ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ჯერ ყველა ბერკეტი უნდა ამოწურონ, მათ შორის მოუსმინოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციას და თუ სიმართლის დასადგენად სხვა შესაძლებლობა აღარ დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ დაეთანხმებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას.

როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, დაელოდებიან პარლამენტში 22 სექტემბერს დაგეგმილი შს მინისტრის ინტერპელაციას და ამის შემდეგ დააყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღის წესრიგში.

„საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებისთვის დამატებით დროს ითხოვს ინტერპელაციის დასრულებამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მათი რიტორიკა და ბევრი სხვა პოლიტიკური სვლა აწმყოსა თუ წარსულში ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელის ადამიანების სიცოცხლეს ეხება და სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია. ამიტომ, კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ. ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ვმობილიზდეთ ყველა იმისთვის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში გამოჩნდება რეალურად რა სურს გიორგი გახარიას – დანაშაულის გამოძიება თუ დანაშაულის დაფარვა „ოცნებასთან“ ერთად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, მანამდე ექსპერტებს შეხვდებიან და ასევე შოვში ჩავლენ. ბოკუჩავა მოუწოდებს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც, რომ მათ შეუერთდნენ.


3 აგვისტოს, 15 საათზე, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 31 ადამიანი, 2-ის ძებნა გრძელდება.

დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებისას გარდაიცვალა ორი ადამიანი: 7 აგვისტოს — პოლიციელი, გამომძიებელი მირიან ჭელიძე; 29 აგვისტოს — თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.

ორივეს გარდაცვალების მიზეზად სახელმწიფო უწყებებმა ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დაასახელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი