ახალი ამბები

ჩოხატაურში ენმ-ს წევრებს თავს დაესხნენ

3 სექტემბერი, 2023 • 1948
ჩოხატაურში ენმ-ს წევრებს თავს დაესხნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ჩოხატაურში ბროშურების დარიგებისას თავს დაეხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ენმ-ს ცნობით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. ენმ-ს წევრის, თათია ნიკოლაშვილის თქმით, მათ 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

შემთხვევა დღეს, 3 სექტემბერს მაშინ მოხდა, როდესაც ენმ-ს წარმომადგენლები სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ და შესაბამის ბროშურებს ურიგებდნენ ადგილობრივებს.

ენმ-ს ცნობით, პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით მჟავანაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა:

„კრიმინალმა [ვასილ] ჩიგოგიძემ თავისი კრიმინალი სამეგობრო დაგვახვედრა. აქ არ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ჩოხატაურის ინტერესებს. ესენი არიან ჩიგოგიძის სამეგობრო და კლანი. ეს ადამიანები ფიზიკურად დაგვესხნენ თავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩოხატაურელებს არ ვუთხრათ, რომ დუმბაძის სკვერის გასხვისება უნდათ. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ესენი არიან მოძალადეები და ესენი არიან დამნაშავეები“ – განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ენმ-ს განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში სავარაუდოდ მონაწილეობდა საკრებულოს წევრი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლაშა თოლორდავაც, თუმცა თავად თოლორდავა ამ ფაქტს “ნეტგაზეთთან” უარყოფს.

მისი თქმით, ის იქვე, ბაზარში იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა დაპირისპირება და თავდასხმის ადგილას მაშინ მივიდა, როდესაც პროცესები უკვე დასრულებული იყო:

“მე ყოველ კვირას დავდივარ ბაზარში, აქ ბაზარი მხოლოდ კვირაობითაა. ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი პროდუქტის შესაძენად და დავინახე, როცა მივედი უკვე დამთავრებული იყო. მე მითხრეს, რომ შელაპარაკება იყო. იქ რომ დამინახა ჟურნალისტი დაინტერესდა, თქვენი ორგანიზებულიაო? რანაირად იქნებოდა ჩემი ორგანიზებული, არც ერთი საკრებულოს წევრი იქ არ იყო და არც ერთი თანამშრომელი.

იქ იყვნენ უბრალო მოქალაქეები, რომლებიც გაღიზიანებული არიან “ნაციონალური მოძრაობით” და სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამას მე ნამდვილად ვერ გავარკვევ. არც ერთი საკრებულოს წევრი და არც ერთი საჯარო მოხელე არ იყო იქ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

თავდასხმაში საკრებულოს წევრების მონაწილეობას უარყოფს ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავაც:

“არც ერთი საკრებულოს წევრი, დანამდვილებით გეუბნებით, რა კადრებიც არის გავრცელებული არ ჩანს. თუკი სამართალდამცავები გამოკვეთენ, რომ რომელიმე საკრებულოს წევრი , ამაზე ჩვეულებრივი პროცედურებია და იქნება მსჯელობა მაგრამ მე რაც ვნახე ეს არის აღშფოთებული მოქალაქეები”, — განუცხადა კუჭავამ “ნეტგაზეთს”.

როგორც “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

შსს-ს ცნობით გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შეკითხვაზე, დაკავებულია თუ არა ამ დროისთვის ვინმე, შსს-ს პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მოგივანებით ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და დიპლომატებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.


გარეკანის ფოტო: “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი