ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მოგვიწევს, ელექტროენერგიისთვის ისევ რუსეთს მივმართოთ” – ბჟანია ენგურჰესზე

1 სექტემბერი, 2023 • 3698
“მოგვიწევს, ელექტროენერგიისთვის ისევ რუსეთს მივმართოთ” – ბჟანია ენგურჰესზე

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ენგურჰესზე იმყოფებოდა, სადაც უმსხვილესი ენერგეტიკული კომპლექსის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, როგორც apsadgil.info წერს, ბჟანია შეხვდა ასევე ეკონომიკის მინისტრს [დე ფაქტო] და ჩერნომორენერგოს ხელმძღვანელობას აფხაზეთის ელექტრომომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხების განსახილველად,  რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“წელს სიტუაცია შარშანდელზე უკეთესია, თუმცა, შემოდგომით ისევ შემცირდება წყალი და არ გვექნება სამყოფი ელექტროენერგია, შესაბამისად, ისევ რუსეთს უნდა მივმართოთ დახმარებისთვის”.

უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, აფხაზეთს, რომელიც ენგურჰესიდან იღებს ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, ელექტროენერგიის კრიზისი აქვს. შესაბამისად როგორც, სოხუმი აცხადებს, დანაკლისის შესავსებად ისინი რუსეთს მიმართავენ ხოლმე.

ასევე, როგორც ბჟანიამ თქვა, მოსახლეობამ ელექტროენერგიაში ფული ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც პურში, ფქვილში და მობილურ კავშირში.

“ჩვენთან ელექტროენერგეტიკა პოლიტიკას ექვემდებარებოდა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს ეკონომიკის სფეროა და ეკონომიკის კანონებს უნდა დაექვემდებაროს. ეს უნდა გავიგოთ და გავიაზროთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი