სასამართლომ ბელარუსში მოქალაქეს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 2023 წლის 17 აგვისტოს.
როგორც უფლებადაცვითი ცენტრი „ვიასნა“ იტყობინება, მიზეზი გახდა 2 წლის წინ, 2021 წლის 8 აგვისტოს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ტურისტული ფოტო, რომელიც საქართველოშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს ბელარუსის აღნიშნული მოქალაქე, ფონზე კი — მთებთან ერთად საქართველოსა და უკრაინის დროშები. ის ბელარუსის მმართველმა რეჟიმმა „არასანქცირებულ პიკეტირებაში“ დაადანაშაულა.
მოქალაქის თქმით, ფოტო მან ხელმეორედ ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა საქართველოში მოგზაურობის წლისთავთან დაკაშირებით, შესაბამისად, არანაირი პროტესტის გამოხატვა არ ჰქონია მიზნად. მისივე თქმით, „უკრაინის დროშის შემცველი ფოტოს პუბლიკაციის ფაქტი“ დამთხვევაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.
უფლებადამცველები ბელარუსის მოქალაქეებს მოუწოდებენ, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ნუ გამოაქვეყნებენ ფოტოებს, რომელზეც გამოჩნდება უკრაინის ან ბელარუსის ოპოზიციის თეთრ-წითელი დროშა, რადგან ამას ბელარუსის ხელისუფლება „არასანქცირებულ აქციად“ მიიჩნევს და შესაბამის სანქციებსაც აკისრებს.
ბელარუსი ოფიციალურად არ მონაწილეობს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში, თუმცა მინსკმა მოსკოვს ომის ესკალაციისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა. ამასთან ერთად, ლუკაშენკოს ხელისუფლება დევნის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას საჯაროდ უჭერენ მხარს.








