შოვში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები, ასევე დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 30 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებაშია აღნიშნული, შოვის სტიქიით დაზარალებულებისთვის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტი შეიქმნა.

“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.

აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში”, — განმარტებულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

3 აგვისტოს, 15 საათზე, შოვში ღვარცოფი მოვარდა, რამაც თითქმის მთელი შოვი წალეკა. ოფიციალურად, დაღუპულია 31 ადამიანი, 2-ის ძებნა გრძელდება.

დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებისას გარდაიცვალა ორი ადამიანი: 7 აგვისტოს — პოლიციელი, გამომძიებელი მირიან ჭელიძე; 29 აგვისტოს — თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.

ორივეს გარდაცვალების მიზეზად სახელმწიფო უწყებებმა ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დაასახელეს.