ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღიდან სომხების გასვლას ხელს არ უშლის

28 აგვისტო, 2023 • 2291
ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღიდან სომხების გასვლას ხელს არ უშლის

აზერბაიჯანული მხარე ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის შესაბამისად, საერთაშორისო წითელი ჯვრის დახმარებით, კიდევ 30-მა სომეხმა დატოვა მთიანი ყარაბაღი, მათ შორის 9 პაციენტია.

ბაქო აცხადებს, რომ სომხებს ყარაბაღის დატოვება შეუფერხებლად შეუძლიათ, შესაბამისად, აზერბაიჯანის მტკიცებითთ, სიცრუეა სომხური მხარის განცხადებები ყარაბაღის იზოლაციაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაქოს მიერ სომხების მიერ ყარაბაღის შეუფერხებლად დატოვების პროცესის დაწყებით აზერბაიჯანს ყარაბაღიდან სომხების საბოლოო განდევნის გეგმა აქვს.

“ჩვენამდე მოვიდა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუშავდება გეგმა ლაჩინის კორიდორის ცალმხრივად გახსნის შესახებ – ანუ მთიანი ყარაბაღიდან გასვლის უფლებას მისცემენ ადამიანებს, შემდეგ კი, შემოსვლას აუკრძალავენ”.

იქამდე, 22 აგვისტოს ყარაბაღიდან სომხეთის მიმართულებით, ლაჩინის გამშვები პუნქტით, დოკუმენტაცის შემოწმების შემდეგ, 60-მდე ეთნიკური სომეხი გაატარეს.

“ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ არსებობს რაიმე შეზღუდვა და სირთულე ყარაბაღის მშვიდობიანი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გადაადგილებაზე “ლაჩინის” გამშვები პუნქტით და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სომხეთის განცხადებები აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადასთან დაკავშირებით სიცრუე და ცილისწამებაა”, – აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

გამშვები პუნქტის მოწყობის მიზანი, როგორც ბაქო აცხადებს, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ აღკვეთოს სომხეთის მიერ უკანონო ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკისა თუ მასალების გადატანა ყარაბაღის მიმართულებით. მსგავს ბრალდებებს სომხეთის მიმართ ბაქო პერიოდულად ავრცელებს გადაადგილებაზე შეზღუდვის არგუმენტებზე საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი