ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ყარაბაღელებს სომხეთში გასვლის უფლებას მისცემენ და უკან აღარ შეუშვებენ”

25 აგვისტო, 2023 • 2097
“გვაქვს ინფორმაცია, რომ ყარაბაღელებს სომხეთში გასვლის უფლებას მისცემენ და უკან აღარ შეუშვებენ”

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერთადერთი ცვლილება ყარაბაღის კრიზისის საკითხში ისაა, რომ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების შუამავლობით დაიწყო მოქალაქეების გარკვეული მოძრაობა ლაჩინის კორიდორით.

“ჩვენამდე მოვიდა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუშავდება გეგმა ლაჩინის კორიდორის ცალმხრივად გახსნის შესახებ – ანუ მთიანი ყარაბაღიდან გასვლის უფლებას მისცემენ ადამიანებს, შემდეგ კი, შემოსვლას აუკრძალავენ”.

მისივე ცნობით, ამჟამად სომხეთში იმყოფება მთიანი ყარაბაღის 5 ათასი მცხოვრები, რომელთაც ყარაბაღში დაბრუნების საშუალება არ ეძლევათ, 2022 წლის დეკემბერში ჩაკეტილი საზღვრის გამო.

ფაშინიანი კვლავ ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავარი მიზანი მთიანი ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის საბოლოო განდევნა და ეთნიკური წმენდაა.

22 აგვისტოს ყარაბაღიდან სომხეთის მიმართულებით, ლაჩინის გამშვები პუნქტით, დოკუმენტაცის შემოწმების შემდეგ, 60-მდე ეთნიკური სომეხი თავისუფლად გაატარეს.

“ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ არსებობს რაიმე შეზღუდვა და სირთულე ყარაბაღის მშვიდობიანი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გადაადგილებაზე “ლაჩინის” გამშვები პუნქტით და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სომხეთის განცხადებები აზერბაიჯანის მხრიდან  ბლოკადასთან დაკავშირებით სიცრუე და ცილისწამებაა”, – აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

გამშვები პუნქტის მოწყობის მიზანი, როგორც ბაქო აცხადებს, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ აღკვეთოს სომხეთის მიერ უკანონო ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკისა თუ მასალების ყარაბაღის მიმართულებით გადატანა. მსგავს ბრალდებებს სომხეთის მიმართ ბაქო პერიოდულად ავრცელებს გადაადგილებაზე შეზღუდვის არგუმენტებზე საუბრისას.

ბაქოს ცნობით, ყარაბაღიდან სომხებს ერევნის მიმართულებით თავისუფლად ატარებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი