ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში დღეს ნანა დევდარიანს დაკითხავენ

29 ივლისი, 2010 • • 1660
საქალაქო სასამართლოში დღეს ნანა დევდარიანს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, ტელეკომპანია «კავკასიის» შენობაში შეჭრის გამო, 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე, განახლდება. მას მოსამართლე მილერი ხარებავა უძღვება.

დაცვის მხარის ადვოკატის, მანანა კობახიძის განცხადებით, დღეს ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი დაიკითხება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები თავდებით გაათავისუფლონ.

დაცვის მხარემ შუამდგომლობით გათავისუფლება ივნისში, პირველ სასამართლო პროცესზე მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მიზეზად ბრალდების მხარის მოწმეებზე ზეწოლა დაასახელა.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია და ეჭვმიტანილების გათავისუფლება მიცემულ ჩვენებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

“გვაქვს პარლამენტარების დიმიტრი ლორთქიფანიძის, ჯონდი ბაღათურიასა და საპატრიარქოს შუამდგომლობა. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები გამოუშვან. ბრალდების ყველა მოწმე დაკითხულია და მათი ჩვენებები საქმეში დევს. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება საჭირო არ არის,”- ამბობს მანანა კობახიძე.

კობახიძის განცხადებით, მოწმეების დაკითხვა დღეს დასრულდება. მომდევნო სასამართლო პროცესზე განსასჯელებს დაკითხავენ.

“განსასჯელების დაკითხვამდე ჩვენ ვითხოვთ ვიდეოფირების ნახვას, რომელიც საქმეში დევს. მტკიცებულების სახით არსებული ვიდეოფირები ჩვენთვის უცნობია.”

წინასწარ პატიმრობაში მყოფი შვიდი პიროვნება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები არიან. მათ 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრა ედებათ ბრალად.

ეჭვმიტანილებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ივნისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი