ახალი ამბები

იდენტიფიცირებულია გვანცა ბუბაშვილი, შოვის სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი

25 აგვისტო, 2023 • 6456
იდენტიფიცირებულია გვანცა ბუბაშვილი, შოვის სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი

იდენტიფიცირებულია რაჭაში, შოვის სტიქიისას დაღუპული გვანცა ბუბაშვილის ცხედარი. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკზე მისი ახლობლები ავრცელებენ.

გვანცა ბუბაშვილი რაჭაში მეგობრებთან, ნინი კენჭაძესთან და სალომე ხეთაგურთან ერთად ისვენებდა. სტიქიას სამივე მათგანი ემსხვერპლა.

25 აგვისტოს მონაცემებით, რაჭაში ნაპოვნია სტიქიის 31 მსხვერპლის ცხედარი, მათგან იდენტიფიცირებულია 29

დარჩენილია იმ 2 ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებიც მაშველებმა 24 აგვისტოს იპოვეს, მათგან ერთი ზრდასრული მამაკაცია, მეორე — მოზარდი. ვინაიდან, არსებული ცნობებით, შოვში დაკარგული ზრდასრულებიდან მხოლოდ ზაზა მესხი მიიჩნევა დაკარგულად, ვარაუდობენ, რომ ის სწორედ ზაზა მესხია. სავარაუდოდ, კაცი ამოიცნეს საქორწინო ბეჭდითაც, თუმცა საბოლოო ამოსაცნობად დნმ-ის კვლევა უნდა ჩატარდეს.

დნმ კვლევა უტარდება 24 აგვისტოს ნაპოვნი მოზარდის ცხედარსაც. მაშველები აგრძელებენ კიდევ 2 მოზარდის ძებნას.

25 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნი ან/და იდენტიფიცირებული არ არის 3 მოზარდი — ზაზა მესხის 2 შვილი და 4 წლის გიორგი ხორბალაძე, რომლის დედა და ბებიაც ემსხვერპლნენ 3 აგვისტოს შოვის სტიქიას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი