ახალი ამბები

აზარაშვილი: კოვიდი ჩვეულებრივი სეზონური ვირუსია, ყურადღება აღარ უნდა მახვილდებოდეს

21 აგვისტო, 2023 • 1809
აზარაშვილი: კოვიდი ჩვეულებრივი სეზონური ვირუსია, ყურადღება აღარ უნდა მახვილდებოდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს.

მინისტრის თქმით, განგაშის საფუძველი არ არსებობს და უწყებამ რამდენიმე თვის წინ ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც შეაჩერა, რადგან ეს საჭიროდ აღარ მიიჩნია:

„კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, კორონავირუსისთვის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია:

„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ ამ მხრივ რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი