ახალი ამბები

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს

21 აგვისტო, 2023 • 2122
ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ 22 აგვისტოდან მიხეილ სააკშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს.

ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ დღეს, 21 აგვისტოს, კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა. მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა და მიხეილ სააკაშვილის სახელით მის მხარდამჭერებს შეხვდება.

„მივმართავ „ ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული მხარდამჭერს. მიხეილ სააკაშვილის იმ ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც წლებია, უკომპრომისოდ იბრძვიან „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ . დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ამიტომ, ისე, როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის.

მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული, ის აქედან, ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის, მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისა და სამშობლოს გადარჩენისთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძის თქმით, თითოეული ადამიანის მოსაზრება, რომელსაც კამპანიის ფარგელბში შეხვდება, წერილობითი სახით მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე.

„ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ ყველას, თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას, აი, ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით . თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები, აი, ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს.

მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება და არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ თქვენთან ერთად შექმნას, აი, ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასოდეს და მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, — განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ფაქტობრივად პარტიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო და მასში ჩართული იქნება მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძე პასუხობს:

„დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი