ახალი ამბები

კალაძის თქმით, ამირეჯიბის გამზირზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეს გამოცვლიან

15 აგვისტო, 2023 • 2378
კალაძის თქმით, ამირეჯიბის გამზირზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეს გამოცვლიან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალ დამცავ ბადეს მოაწყობენ.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს, 15 აგვისტოს განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო.

„გუშინ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ დამატებით სამუშაოებს. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ ეს ფაქტი ისევ არ განმეორდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, საჭიროა სხვაგვარი პროექტის განხორციელება, რომ უფრო დაცული ვიყოთ. ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა. პროცესში ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. პირველი ასეთი პროექტი კოსტავას ქუჩაზე განვახორციელეთ, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც ანალოგიური პროექტი განხორციელდება“, — განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც თბილისის მერი ამბობს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში ნაწილობრივ  შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

კერძოდ, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

მთავარ ფოტოზე: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩამოცვენილი ქვები 

მასალების გადაბეჭდვის წესი