შოვის სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანნახმადაც მან ეჭვქვეშ დააყენა გადარჩენილების მონაყოლი და სპეკულაცია და წარმოუდგენელ ტყუილი უწოდა მათ ნათქვამს, რომ 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ღვარცოფს, მათ შორის ბავშვებიც.
გიო ადამია წერს, რომ საკუთარი თვალით უყურებდა, თუ როგორ ცდილობდნენ დავით ჯელაძე და მისი 6 წლის დისშვილი ღვარცოფიდან უსაფრთხო ადგილას გასვლას და როგორ ელოდნენ სტიქიაში ჩარჩენილები 3 საათი ვერტმფრენს:
“ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენ ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.
ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდი,ა რას ნიშნავს, ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია, ბავშვით ხელში შენ წინ მეწყრის ორმეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე, როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!”, — დაწერა ადამიამ სოციალურ ქსელში.
დღეს, 14 აგვისტოს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეეჭვება, ნამდვილად გაიარეს თუ არა დავით ჯელაძემ და მისმა 6 წლის დისშვილმა ის მანძილი ღვარცოფში, რომელიც ფოტოზეა მოცემული. მისი შეფასებით, ამ ტერიტორიაზე გადასვლა “პრაქტიკულად წარმოუდგენელია” და “ეს ყველაფერი გადასამოწმებელია”.
გარდა ამისა, მან “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა გადარჩენილების მონათხრობს, რომ “ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის ებრძოდა ღვარცოფს”.
ჯელაძეების ოჯახი ღვარცოფის მოვარდნისას შოვში იმყოფებოდნენ. დავით ჯელაძე იხსენებს, რომ უკვე სახლში დაბრუნებისას, შოვში, მინერალურ წყლებთან გაჩერდნენ, რა დროსაც ხიდზე მყოფმა ოჯახის სხვა წევრმა ღვარცოფული მასა დაინახა და დანარჩენებს დაუძახა, ჩქარა წამოსულიყვნენ. ისინი ხიდზე ავიდნენ, თუმცა ღვარცოფმა იქამდეც მიაღწია და, როგორც დავით ჯელაძე ამბობს, “ყველა მხრიდან მეწყერში აღმოჩნდნენ”. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, 6 წლის დისშვილთან ერთად ღვარცოფული მასის მეორე მხარეს გადასულიყო, რადგან დაინახა, რომ სასტუმრო “სანსეტ შოვის” ნაწილი არ ჰქონდა დაფარული ღვარცოფს და იქ ხალხიც დადიოდა. დავით ჯელაძის მონათხრობის თანახმად, აღნიშნული ტერიტორიის გავლას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.
დავით ჯელაძის მონათხრობი ნახეთ ვრცლად:
მიწა უხმოდ მოდიოდა, რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალწინ წაიღო – რას ჰყვება დავით ჯელაძე