ახალი ამბები

„სირცხვილია თქვენი გულგრილობა“ — შოვის სტიქიას გადარჩენილი კობახიძეს

14 აგვისტო, 2023 • 5465
„სირცხვილია თქვენი გულგრილობა“ — შოვის სტიქიას გადარჩენილი კობახიძეს

შოვის სტიქიას გადარჩენილმა მარიამ ბერიანიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერ ირაკლი კობახიძეს უპასუხა.

„სირცხვილია თქვენი გულგრულობა, სირცხვილია ეს ქვეყანა“,-  წერს მოქალაქე, რომელიც  3 აგვისტოს შოვში იმყოფებოდა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად:

„როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი, 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით, იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა, რომელმაც დაგვარტყა, 20-სანტიმეტრიანი კი არა, 3-მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა, მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი! 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 -ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ, ჩვენი თუ არ გჯერათ.

ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ. ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ, სად არის ის ნაპირი, სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს! იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა, რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით. თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც, მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა“, — წერს მარიამ ბერიანიძე „ფეისბუკზე“.

“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე ეჭვქვეშ აყენებს შოვში მომხდარი სტიქიაში მოყოლილი ადამიანების მონათხრობს, რომლითაც თავიანთი რესურსით გადარჩენა მოახერხეს. კობახიძე სპეკულაციებსა და წარმოუდგენელ ტყუილს უწოდებს გადარჩენილი ადამიანების ნათქვამს, რომლის თანახმადაც, ისინი 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ღვარცოფს, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს, ბრიფინგზე ისაუბრა.

“იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, ამაზე მაქვს საუბარი. კიდეებში იყო ასევე სივრცე, სადაც ღვარცოფის ნარჩენი მასა იყო გადასული. იქ იყო 20 სანტიმეტრი სიმაღლის მიწა, ზოგან იყო 1 მეტრი და ა.შ […] რაც შეეხება თვითონ ღვარცოფული მასის თემას. რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ. აქ საუბარია წუთებზე”, — განაცხადა კობახიძემ.

შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაკარგულის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი