საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და შოვში მომხდართან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას ემიჯნება:
„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“, — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 10 აგვისტოს „ტაბულამ“ დეკანოზ დავით ისაკაძის ქადაგებიდან ამონარიდი გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ ღმერთმა შოვი ერთი წლის წინ ჩატარებული ფესტივალის გამო დასაჯა.
დავით ისაკაძე არის ერთ-ერთი ლიდერი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“. აღნიშნული ორგანიზაცია იყო, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიური, ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 22 დაღუპულის შესახებ, 11 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.