ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები პრაქტიკულად დაიცალა – DRI

11 აგვისტო, 2023 • 2422
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები პრაქტიკულად დაიცალა – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას შეეხება.

ორგანიზაციის ცნობით,  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით დაათვალიერეს წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები – განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის  დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები.

“ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ დასახლებაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს და ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ამჟამად მოსახლეობის ძირითად პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სოფლების მოსახლეობისგან დაცლაზე წუხილს უჭირავს. საოკუპაციო ხაზთან არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების პრობლემებმა, როგორც ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრაქტიკული დაცლა გამოიწვია”.

ერთ-ერთ მაგალითად კვლევაში მოყვანილია განმუხური ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც ადმინისტრაციული ქალაქიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული.

“სოფელში 600-ზე მეტი კომლია და 1,300 მოსახლე ცხოვრობს. გამყოფი ხაზი გალის რაიონის სოფელ ფიჩორსა და განმუხურს შორის გადის. სოფლებს შორის არსებული „გადასასვლელი პუნქტი“ 2017 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. „საზღვრის“ უშუალო სიახლოვეს მცხოვრები სამი ოჯახის კარ-მიდამოს ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ნაწილი კი- ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. განმუხური-ფიჩორის საგუშაგოსთან შიდა გზა ხრეშმოყრილია, თუმცა, დაზიანებული. 2021 წლის ვიზიტისგან განსხვავებით, როდესაც სოფლის მცხოვრებლებთან საუბარი შევძელით, სოფელი უკაცრიელად გამოიყურება. საგუშაგოში მხოლოდ ერთი სამართალდამცავი შევნიშნეთ”. 

უფრო მეტი ანგარიშის შესახებ წაიკითხეთ აქ: 

მასალების გადაბეჭდვის წესი