ახალი ამბები

ბაიდენი: ჩინეთი ნელი მოქმედების ნაღმია

11 აგვისტო, 2023 • 2235
ბაიდენი: ჩინეთი ნელი მოქმედების ნაღმია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთს „ნელი მოქმედების ნაღმს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის ეკონომიკური გამოწვევებია, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

ბაიდენის თქმით, ამჟამად ჩინეთში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სამუშაო ძალა კი ბერდება:

„მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს კარგი არ არის იმიტომ, რომ როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ რამეებს აკეთებენ“, — თქვა ჯო ბაიდენმა. როგორც The Guardian წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბაიდენი ჩინეთის შესახებ კრიტიკულ კონტექსტში საუბრობს. ბაიდენმა რამდენიმე თვის წინ ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს „დიქტატორი“ უწოდა, რაც ჩინეთში „პოლიტიკურ პროვოკაციად“ შეაფასეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენის ამ კომენტარს წინ უძღოდა ჩინეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის ურთიერთობის სტაბილიზებას. თუმცა ბლინკენის ვიზიტთან დაკავშირებით პეკინში განაცხადეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა 1979 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ამასთან, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს აშშ-ის ინვესტიციებს ჩინეთში ისეთ ტექნოლოგიურ სფეროებში როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერული ჩიპები და ხელოვნური ინტელექტი.

The Guardian წერს, რომ ჩინეთის ეკონომიკამ ივლისში დეფლაცია განიცადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ექსპერტების აზრით, შესაძლოა, ჩინეთი ახალ ეტაპზე გადავიდეს, როდესაც ქვეყანას უფრო ნელი ეკონომიკური ზრდა, სამომხმარებლო ფასებისა და ხელფასების მიმართულებით კი სტაგნაცია ექნება. ეს იმ ფონზე, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ინფლაცია ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი