ახალი ამბები

„რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო“ — გზების დეპარტამენტი

10 აგვისტო, 2023 •
„რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო“ — გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთზე სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველა ფერდის დამუშავება პროექტის შესაბამისად ხდება.

უწყება ავრცელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებას, რომელიც შოვის სტიქიის ზონიდან გააკეთა.

„არ მეგონა, თუ სტიქიის ზონიდან მომიწევდა აღნიშნული განცხადების გაკეთება, მაგრამ, სამწუხაროდ, მიწევს. ბოლო დღეებია ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან. ისინი კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას, მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება“, — განაცხადა გიორგი წერეთელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით,  რიკოთის მონაკვეთზე სულ 77 ფერდია, რომელსაც უკეთდება პროექტით განსაზღვრული შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები. რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან,  6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გადაწყვეტილება.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო“, — განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოების პროგრესი მაღალია და ეს მონაკვეთები წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.

გიორგი წერეთელმა ასევე განაცხადა, რომ რიკოთზე ამჟამად მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი — 06:00-დან 21:00 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო 23:00 საათიდან 05:00 საათამდე — სატვირთო ტრანსპორტი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ზაფხულში, მეწყრული საშიშროების გამო, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი რამდენჯერმე იყო ჩაკეტილი იყო და მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე იყო გადართული. ბოლოს 22 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზაზე კლდის ნაშალი მიწა ჩამოწვა.

„არაფერში აღარ წერია ეს, რაც ხდება“ – ოპოზიცია რიკოთზე

მასალების გადაბეჭდვის წესი