საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ თემურ მღებრიშვილს, დღეს, 10 აგვისტოს, ონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა სტიქიის ზონაში იმაზე მეტი ადამიანი ყოფილიყო, ვიდრე უწყებას აქვს ინფორმაცია, რაზეც მღებრიშვილი პასუხობს, მისი აზრით, 1 კვირა გონივრული ვადაა, რომ ახლობლებმა ადამიანები მოიკითხონ:
„თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვერ ვიტყვი, თუმცა გონივრული ვადა ერთი კვირა, მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ საკმარისი დროა, ადამიანმა თავისი ახლობელი, სულ მინიმუმ, უნდა მოიკითხოს, ლოგიკურად. თუმცა, ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, არ გაზრდილა [დაკარგულთა რიცხვი], თუმცა, თუ ინფორმაცია შემოვა, რა თქმა უნდა, მოხდება პირველ რიგში ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა“, — აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
