საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო და ამჟამად სპეციალისტები სტიქიის ზონაში ახალ ხიდს ამონტაჟებენ:
„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთანაც. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო, მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით გამოყენებას. შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი უკვე გუშინ“, — აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.
განახლება: აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ დროებითი ხიდი, რომელზეც საუბრობდა, შოვში სტიქიამდე იყო მოწყობილი და სწორედ 3 აგვისტოს დაზიანდა:
„სტიქიის დროს, 3 აგვისტოს, ორი ხიდი წაიღო [მდინარემ]. ერთი ხიდი, რომელიც ეპიცენტრს უკავშირდება მოეწყო და დამონტაჟდა რისი გმაოყენებითაც მძიმე ტექნიკა ახერხებს გადასვლას. ხოლო მეორე, ჭანჭახზე, აქაც იყო დროებითი ხიდი, რომელიც სტიქიიამ წაიღო. ეს მეორე დროებითი ხიდი ამოვიღეთ მდინარიდან, შევისწავლეთ, დადგინდა რომ მისი ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლებოდა და დავამონტაჟეთ ახალი ხიდი. სტიქიის შემდგომ დამონტაჟებული ხიდი არ წაუღია მდინარეს სტიქიის შემდეგ“ — განმარტა ირაკლი ქარსელაძემ.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.








