პარლამენტის თავმჯდომარე აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, უცხოელი საქართველოს ომზე რას იტყვის.
პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია და ომი არ დაიწყო არც 7 აგვისტოს და არც 12 აგვისტოს დასრულდა – „ეს ომი დაიწყო საქართველოს ოკუპაციითა და ანექსიით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს 1 კვ.სმ მაინც ექნება ოკუპირებული რუსეთს“.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც ეხებოდა 7 აგვისტოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს პაპუაშვილი ამბობს:
„ქვეყნისთვის, რომელიც არის ეპიკურ ომში, რომელიც 1801 წელს დაიწყო, აქ თარიღები მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ, რა, როდის დაიწყო და ვინ, რა გააკეთა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ დაემტკიცებინა 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში, 2022 წელს ჰააგის სასამართლოში და 2023 წელს კვლავ სტრასბურგის სასამართლოში, რომ: პირველი, რუსეთი იყო სწორედ აგრესორი, მეორე, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და მესამე, 5 თვის წინ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, რომლითაც დადასტურდა, რომ 2008 წლამდეც რუსეთს ჰქონდა საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული. მაშინ ომი არ იყო?
7 აგვისტოს შემდეგ არის მხოლოდ ეს ომი? ამას ვამბობ, რომ მით უმეტეს, ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენს ომთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, რა და როგორ არის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა. მანამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება. დაიწყო მანამდე და გრძელდება დღემდე“.
შალვა პაპუაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრთან და “ოცნების” სხვა ლიდერებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგეს.