ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაერომ ბაქოს მოუწოდა, დაიცვას ადამიანის უფლებები ყარაბაღში

8 აგვისტო, 2023 • 1275
გაერომ ბაქოს მოუწოდა, დაიცვას ადამიანის უფლებები ყარაბაღში

ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი აცხადებს, რომ შვიდი თვის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა განიცდის საკვები პროდუქტის, მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურებისა და ჰიგიენის ნივთების მწვავე უკმარისობას.

“ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის უფლება კვებაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და სიცოცხლეზე”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტთა ჯგუფის განცხადებაში.

“რით ვუშველოთ ყარაბაღის სომხებს, საკუთარ თავსაც ვერ ვშველით” – აზერბაიჯანელები ყარაბაღის კრიზისზე

გაეროს ექსპერტთა განცხადებას გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განცხადებას უწოდა გაეროს უწყებების პოლიტიკური მანიპულირების ინსტრუმენტად ქცევის მცდელობა.

“30 წელი თვალს ხუჭავდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციაზე, თითქმის ერთი მილიონი დევნილის უფლებების დარღვევაზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნაზე. ახლა სომხეთის მანიპულაციებით შეცდომაში არიან შეყვანილი და მიკერძოებულ განცხადებებს ავრცელებენ. ამასთან, განცხადებებში ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა “მთიანი ყარაბაღი” ნიშნავს აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემლობას და აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევას”, – ვკითხულობთ ბაქოს განცხადებაში.


აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი