გარემოს დაცვის მინისტრ ოთარ შამუგიას თქმით, საქართველოში წინასწარი შეტყობინების სისტემა დანერგილიც რომ ყოფილიყო, შესაძლოა შოვის სტიქიის ადგილი მაინც არ შერჩეულიყო გაფრთხილების სისტემის დასამონტაჟებლად.
მინისტრმა ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ ეს ზონა არ იყო შეფასებული “კატასტროფის რისკის ზონად”.
რაჭაში სტიქიის შესახებ მინისტრმა 7 აგვისტოს ისაუბრა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
“რაც შეეხება ამ ხეობას, დასკვნაშიც [გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა] წერია ეს ყველაფერი, მე სპეციალისტების დასკვნიდან გამომდინარე ვსაუბრობ – ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, ვინაიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში აქ, ამ მდინარეზე რაიმე ღვარცოფული ან კატასტროფული არ ფიქსირდებოდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მათთვის ზოგადად ხეობა და ზოგადად რაჭის ხეობა არის გარკვეული ღვარცოფების და რისკების შემცველი, თუმცა კონკრეტულად ამ მონაკვეთში, ამ ანალიზიდან გამომდინარე, არ იყო შეფასებული, როგორც ასეთი კატასტროფის რისკის ზონა.
შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა შერჩეული ადგილად, სადაც უნდა დამონტაჟებულიყო ადრეული გაფრთხილების სისტემები”, – განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, რომც ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემა, ისე სწრაფად მოხდა პროცესები, რომ “ შეიძლება ვერ ყოფილიყო ეფექტური”:
“ძალიან ბევრი სპეკულაცია მიდის ამ თემაზე. იმდენად სწრაფი იყო და მასშტაბური სპეციალისტების აზრით, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემას შეიძლება ვერ გამოეღო შედეგი”.
“ნეტგაზეთი” 7 აგვისტოს ცდილობდა გარკვევას, რატომ არ მიიჩნეოდა მდინარე ბუბა ღვარცოფულ მდინარედ, მაშინ როცა თავად ონის ადმინისტრაციას აქვს გამოქვეყნებული მდინარის ადიდებული კადრები 2017 წელს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში ნეტგაზეთის კითხვებს არ უპასუხეს.
გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, “ძალიან მალე მთელი ქვეყნა იქნება დაფარული მონიტორინგის ქსელით და ექსპერტების დასკვნების შესაბამისად, ყველაზე კრიტიკულ ადგილებში დამონტაჟებული იქნება ადრეული გაფრთხილების სისტემები”.
