საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დაიღუპა.
უწყების თქმით, პოლიციელი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“, — ვკითხულობთ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან: გიორგი ყარალაშვილი, სამირა ისაევა, ლუკა დუდაშვილი, დავით ბერიაშვილი გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.








