ახალი ამბები

გზების დეპარტამენტი: ჯუთას გზაზე სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება

6 აგვისტო, 2023 •
გზების დეპარტამენტი: ჯუთას გზაზე სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მომდევნო კვირიდან ჯუთას გზაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნულ გზაზე გადაადგილება აიკრძალება.

უწყების თქმით, გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისთვის მობილიზაცია დაწყებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.

„2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი. მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება. კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს.

მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება“ — აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ავრცელებდნენ ჯუთასკენ მიმავალი გზის ამსახველ ფოტოებს და აცხადებდნენ, რომ კლდე, რომელზეც გზა გადის, ჩამოშლის პირასაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი