ახალი ამბები

ბურჭულაძე: რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარი ამოვიყვანეთ

6 აგვისტო, 2023 • 4789
ბურჭულაძე: რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარი ამოვიყვანეთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან.

მინისტრის თქმით, შოვში მაშველებმა მიწის მასიდან რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარი ამოასვენეს:

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და ამით მთელი საზოგადოება არის შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარი ამოვიყვანეთ“ — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი