შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ძებნა-შველის ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. დრონების საშუალებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრების შეხვედრა გუშინ მოხდა, რა დროსაც მათ გამოთქვეს სურვილი თავად ენახათ სტიქიის ზონაში არსებული რთული მდგომარეობა“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.





