დღეს, 5 აგვისტოს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შოვში სტიქიის ზონაში აქტიურად ჩაერთნენ მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით,დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.
მათივე ინფორმაციით, სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას.
„გუშინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.