საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები
ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე, ამის პარალელურად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
„უფრო მეტიც, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა „მთის ამბების” ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი საათების განმავლობაში იყვნენ ინფორმაციის მთავარი წყარო და ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს კი წყალში გადაგდებით დაემუქრნენ.
საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და დასვას კრიტიკული კითხვები, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უპასუხოს ამ კითხვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრაგედიაზე და საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ლეგიტიმური კითხვები.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.