საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მაშველები შოვში შესულები არიან სტიქიის ყველა ეპიცენტრში, გარდა კოტეჯების ტერიტორიისა.
მღებრიშვილის თქმით, კოტეჯების ადგილას აღარაფერი არსებობს.
„[ჩამოწოლილი] მასა გაშლილია მიწის ძალიან დიდ ტერიტორიაზე. დილის 7-ის ნახევრიდან დავიწყეთ იმ ადამიანების გამოყვანა, ვინც გუშინ მობილიზებული გვყავდა უსაფრთხო ადგილებში. ეპიცენტრში აბსოლუტურად ყველგან შესულები ვართ, გარდა იმისა, სადაც კოტეჯები არსებობდა. იქ ფაქტობრივად არაფერი აღარ არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ელემენტარულად იფლობიან. ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის მიყვანა, რომ გზა გაიჭრას და მივიდეთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს მღებრიშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.








