ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

გალელებს შესაძლოა აფხაზური პასპორტები დაუბრუნონ – რა დავალება გასცა ბჟანიამ

31 ივლისი, 2023 • 4997
გალელებს შესაძლოა აფხაზური პასპორტები დაუბრუნონ – რა დავალება გასცა ბჟანიამ

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


გალის რაიონის მოსახლეობის აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი აფხაზეთში პერიოდულად აქტიურდება. უკანასკნელად, რამდენიმე კვირის წინ, ეს საკითხი პრეზიდენტ [დე ფაქტო – რედ.] ასლან ბჟანიას წინაშე საზოგადოებრივი პალატის წევრმა დავით ფილიამ დააყენა. 

ასლან ბჟანია პირველად მივიდა საზოგადოებრივ პალატაში აქტუალური პრობლემების განსახილველად, რომელთა შორის პირველი აღმოჩნდა გალის საკითხი. 

როგორც თავიდან დავით ფილიამ განმარტა, “გალის რაიონის ისტორიულ ტერიტორიებზე, რომელსაც აფხაზები სამურზაყანოს უწოდებენ, საბჭოთა პერიოდში 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქართულ- აფხაზური ომის შემდეგ რაიონის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკუთარი სახლები დატოვა. დევნილთა დაბრუნების შესახებ შეთანხმების შემდეგ კი 42 ათასი დაბრუნდა. დღეს აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 55 ათასი ეთნიკური მეგრელი ცხოვრობს”. 

ფილიას ცნობითვე, საერთაშორისო საკითხებში და სამურზაყანოს მოსახლეობის ინტეგრაციის კომისიის მონაცემებით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გალის რაიონის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა. 

“განსაკუთრებით ახალგაზრდები მიდიან აქედან. აი, სულ ახლახან ვიმყოფებოდით გამოსაშვებ ღონისძიებაზე გალში. ამ წელს სკოლა 230-მა მოსწავლემ დაამთავრა. ეჭვი მეპარება, რომ ერთეულები მაინც დარჩებიან აქ, რადგან მეზობელ ქვეყანას სპეციალური პროგრამა აქვს მათთვის და კომუნიკაციას ჯერ კიდევ ჩვენს სკოლებში სწავლის პერიოდში ამყარებენ ჩვენს ახალგაზრდებთან. მიზეზი ისაა, რომ რუსული ენა საქართველოს ტერიტორიაზე მოთხოვნადი ხდება. ჩვენი ბავშვები კი რუსულენოვნები არიან. შედეგად, ჩვენ მათ ვკარგავთ. რა რაოდენობის ახალგაზრდობა გავიდა აქედან 30 წლის განმავლობაში? –  სხვადასხვა მონაცემით, 30-წლამდე 15 ათასზე მეტი ადამიანი”, – აცხადებს დავით ფილია.

ის დარწმუნებულია, რომ  მომავალში გალი კოდორის ხეობის ბედს გაიზიარებს.

“კოდორის ხეობაში ხომ არავინაა ახლა. ის ადამიანებიც კი, ვინც ლოიალური იყო და აქ ცხოვრებას ისურვებდა, ჩვენ, ასე ვთქვათ, განვდევნეთ”.

როგორც ფილია ამბობს, აფხაზეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გალის რაიონი გაუცხოვდეს, რასაც თავად  გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილიც ეთანხმება.

გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის პედაგოგი გვიყვება, რომ პერსპექტივას ვერ ხედავს აქ ახალგაზრდებისთვის, თუმცა ყველაზე მეტად იმ სკოლის მოსწავლეებზე ღელავს, რომელთაც რუსული სახელმძღვანელოებით უწევთ სწავლა. მისი მონათხრობით, ეს სახელმძღვანელოები არანაირად არ არის ადაპტირებული იმ ბავშვებისთვის, ვინც ერთი სიტყვაც კი არ იცის რუსულად.

“პირველი რასაც ვაკეთებ – ვასწავლი ელემენტარულ რუსულ სიტყვებს: ადექი, დაჯექი, რვეული, კალამი. ვასწავლი ლექსებს, რომელიც ეხმარებათ ახალი სიტყვების დამახსოვრებაში”.

ჩვენს რესპონდენტ მასწავლებელს არ აქვს პედაგოგიური განათლება. სკოლაში სამუშაოდ იმიტომ წავიდა, რომ ერთადერთი იყო სოფელში, ვინც მეტ-ნაკლებად რუსულ ენას ფლობდა. 

არც მას აქვს აფხაზური პასპორტი. 2014 წელს, როდესაც გალელებისთვის მასობრივად დაიწყეს პასპორტების ჩამორთმევა, მისთვის არ წაურთმევიათ პასპორტი, თუმცა 2018 წელს, როდესაც დოკუმენტს ვადა გაუვიდა, ახალი კანონის შესაბამისად, ახალი აღარ მისცეს. აფხაზური სკოლის რუსული ენის პედაგოგს მოუწია ზუგდიდში ჩასვლა და ქართული პასპორტის აღება.

“უბრალოდ, გარემოებამ მაიძულა ასე მოვცეულიყავი. ხომ არ შეიძლება ისე იცხოვრო, რომ არანაირი უფლება არ გაგაჩნდეს?!”

ქალი გვიყვება, რომ თავად არასოდეს უფიქრია აფხაზეთის დატოვება, მისმა შვილებმა კი თბილისში სცადეს ცხოვრების დაწყება, თუმცა ვერც იქ “მოეწყვნენ”. 

“საერთოდ არავის ვჭირდებით, პოლიტიკოსებისთვის კარგი სათამაშო ვართ. მხოლოდ სპეკულირებენ ჩვენით. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიწა-წყალზე ვართ საჭირო ხალხი”, – ამბობს ქალი. 

“საიდან მოვიყვანოთ მოსახლეობა, რომელიც წამსვლელ ხალხს ჩაანაცვლებს” ,- კითხულობს შეხვედრის დროს საზოგადოებრივი პალატის წევრი დავით ფილია. 

“იმიტომ კი არ მიდიან, რომ უნდათ წასვლა, იმიტომ მიდიან, რომ ის პირობები, რომელიც ჩვენ მათ უკანასკნელ წლებში შევუქმენით, განსაკუთრებით ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს მათ”, – ამის შესახებ ფილიამ ღიად არაერთხელ თქვა ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას.  

საზოგადოებრივ პალატაში შეხვედრისას საუბრიდან გამომდინარე, მას ასევე აშფოთებს გალის რაიონში განათლების სისტემაში რესურსების ირაციონალური ხარჯვა.

“ბევრი ფული იხარჯება საბავშვო ბაღებში ბავშვების გამოსაკვებად, სკოლებში პედაგოგების ხელფასებზე, შენობებისა და აღჭურვის შენახვაზე. რა გამოდის, ამდენ ფულს ვხარჯავთ და შემდეგ ვკარგავთ ამ ინვესტიციას?”  – კითხულობს ფილია. 

ის მიიჩნევს, რომ სკოლის დამთავრებისთანავე მოქალაქეები აფხაზეთის პასპორტს უნდა იღებდნენ. 

“დიახ, არსებული კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. მაპატიეთ, თუ შეიძლება, მაგრამ თუ კანონი ზიანის მომტანია და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ვერ ასრულებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი უნდა გადაიხედოს”. 

მაგალითად კი მოჰყავს რუსეთი, რომელმაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკსა და დონეცკში, რუსული პასპორტების გაცემა დაუყოვნებლივ დაიწყო. 

ფილია აცახდებს, რომ აფხაზურმა პასპორტმა ამ ადამიანებს უნდა მისცეს ის უფლებები და პრივილეგიები, რომელიც ამ პასპორტით არის გათვალისწინებული, რადგან მხოლოდ ქაღალდი ინტეგრაციისთვის საკმარისი არაა. 

“ისინი ხომ ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ის პასპორტები [საქართველოს] აქ ცუდი პირობების გამო აიღეს. უნდა შევძლოთ და ღრმად გავიაზროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, იქით სოციალური პაკეტებით სარგებლობენ, ბავშვებისთვის რაღაც პერსპექტივა ეძლევათ. ჩვენ კი რას ვაძლევთ – არაფერს”. 

რისთვის სჭირდებათ გალის რაიონის მცხოვრებლებს აფხაზური პასპორტი – პირველ რიგში უძრავი ქონებისა და ტრასნპორტის გასაფორმებლად. ასევე, ფსოუს საზღვრის გადასაკვეთად. გალის რაიონის ბევრ მცხოვრებს მხოლოდ საქართველოში არ ჰყავს ნათესავები და ახლობლები – ისინი რუსეთშიც არიან. მათთვის კი ფსოუ დაკეტილია. 

თუმცა დოკუმენტები არ არის ერთადერთი პრობლემა აფხაზებსა და გალის რაიონის მოსახლეობას შორის. ამ დრომდე არ არსებობს ნდობა ხალხს შორის. როგორც სოფლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ამბობს, ისევ ისე ღელავს, როდესაც მისი შვილები გალიდან დასავლეთისკენ მიდიან. 

“მეუბნებიან, რომ მათი ბევრი მეგობარი მუშაობს რიწის ტბაზე, გაგრაში და ათონში მზარეულად, ანიმატორად, თუმცა მიხარია, რომ ჩემს შვილებს აქაც აქვთ სამსახური და მათზე შფოთვა არ მიწევს. შარშან ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, გალელი, ტაქსის მძღოლად მუშაობდა. აქ არავის იმედი არ გვაქვს, რომ ვინმე დაგვიცავს“,- ამბობს ქალი. 

გალის მოსახლეობაზე საუბრისას პრეზიდენტი ასლან ბჟანია ყოველთვის წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომელმაც გალელებს პასპორტები ჩამოართვა. 

“გალის რაიონში გარკვეულ დრომდე სხვა პოლიტიკა მუშაობდა, შემდეგ ეს გახდა დისკუსიისა და ხელისუფლების ცვლილების საგანი. რატომ მოვიტყუოთ თავი, მოდით, ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ”, – თქვა ბჟანიამ საზოგადოებრივ პალატაში შეხვედრისას. 

ბჟანიამ შესთავაზა პალატას, კონსოლიდირებულად მიმართონ პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გალის რაიონის მოსახლეობისთვის პასპორტიზაციის საკითხზე კანონის გადახედვის ინიციატივით. ოპოზიციას კი მოუწოდა, საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი