ახალი ამბები

აშშ-მა გაართულა ქვეყანაში უნგრელთა უვიზო მგზავრობის პროცედურა

2 აგვისტო, 2023 •
აშშ-მა გაართულა ქვეყანაში უნგრელთა უვიზო მგზავრობის პროცედურა

აშშ-მა უნგრეთის მოქალაქეებისთვის მოქმედ უვიზო რეჟიმზე შეზღუდვები დააწესა.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ წლების განმავლობაში ბუდაპეშტმა თითქმის მილიონ უცხოელზე გასცა უნგრეთის პასპორტი ახალი მოქალაქეების საკმარისი შემოწმების გარეშე. უნგრეთის შსს-ში ამ ნაბიჯს „უნგრელების წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის შურისძიება“ უწოდეს.

უნგრეთის მოქალაქეებს, ისევე როგორც კიდევ 39 სახელმწიფოს მოქალაქეს, აშშ-ში შესვლა წინასწარ ვიზის მიღების გარეშე, მხოლოდ შესაბამისი ფორმის შევსებით შეეძლოთ. ეს ფორმა შევსებიდან ორი წლის განმავლობაში მოქმედებს.

უნგრეთის მოქალაქეებისთვის კი წესები იცვლება:

  • წინასწარ შევსებული ფორმის მოქმედების ვადა მცირდება – ორიდან ერთ წლამდე;
  • ერთი შევსებული ფორმით აშშ-ში შესვლა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.

ახალი შეზღუდვები მხოლოდ უნგრეთს შეეხო. დანარჩენი სახელმწიფოებისთვის წესები უცვლელი დარჩა. წყარო აშშ-ის მთავრობაში ეუბნება „ესოშიეითიდ პრესს“, რომ ცვლილების მიზეზი გახდა ვაშინგტონის შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – აშშ-ში თვლიდნენ, რომ უნგრული პასპორტები გაიცემოდა პირადობის დადასტურების რთული პროცედურების გარეშე და დოკუმენტს დამნაშავეებიც იღებდნენ.

უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა მოითხოვა ორმაგი მოქალაქეობის მქონე უნგრელების პირადი ინფორმაცია, რომელიც ვერ მიიღო, ვინაიდან ბუდაპეშტს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა სურდა. „ამიტომაა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შურს იძიებს უნგრელების წინააღმდეგ“.

უნგრეთმა პასპორტების გაცემა 2011 წელს დაიწყო – პრემიერ ვიქტორ ორბანის ინიციატივით, უნგრული წარმოშობის მქონე პირებს შეეძლოთ მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურით მიეღოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უნგრეთში ცხოვრებას არც აპირებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი