ახალი ამბები

ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს – NGO-ები

2 აგვისტო, 2023 • 1805
ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 31 ივლისს ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დაკავებას.

ორგანიზაციების განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა არის პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტი, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება.

„პოლიციამ ამჯერადაც არ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში. პროტესტის გამოხატვის ხელშესაშლელად პოლიციამ, ფიზიკურ დაბრკოლებებთან ერთად, აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკაც გამოიყენა. დაკავებულების რაოდენობა 20-ზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს აქვს უფლება, დაკავებისთანავე შეხვდეს ადვოკატს, ამ უფლებით სარგებლობა პოლიციამ დააბრკოლა. დაკავებულთა უმრავლესობას ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში მათთვის უცნობი იყო, სად იმყოფებოდნენ დაკავებული პირები. დაკავებულთა მონახულება მხოლოდ დღის ბოლოს, სხვადასხვა ქალაქების (ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, სამტრედიის) დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდგომაც გაგრძელდა. უკანონო დაკავება ამ დრომდე არ დასრულებულა და აქციის მონაწილეები იზოლატორებში რჩებიან. უცნობია, როდის მოხდება მათი გადაყვანა სასამართლოში“, – ნათქვამია არასამათავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავება და დაკავების შემდგომი პრაქტიკა მიუღებელია და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დაიცვან აქტივისტების უფლებები და მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ უკანონო დაკავების პრაქტიკას.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)უფლებები საქართველო

რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ 31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს საპროტესტო აქციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი