ახალი ამბები

კოსოვოსა და აფხაზეთს შორის პარალელი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა – ბოკერია კობახიძეზე

1 აგვისტო, 2023 • 4091
კოსოვოსა და აფხაზეთს შორის პარალელი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა – ბოკერია კობახიძეზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელი გაავლო.

ბოკერიას თქმით, ნებისმიერი პარალელი კოსოვოსა და აფხაზეთს შორის საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა.

„ამას აკეთებდა რუსეთი წლების განმავლობაში, ამას აკეთებენ ივანიშვილის რეჟიმი და კობახიძე დღეს, მაშინ, როცა ამ ორ მაგალითს შორის ბევრად მეტი განსხვავებაა, ვიდრე მსგავსება – რუსეთმა აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყო და ოკუპირებული აქვს, ხოლო კოსოვო არ ჰყავთ ოკუპირებული გერმანიასა და საფრანგეთს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის მგზავრებისთვის ჟურნალისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კითხვის დასმა „პროვოკაციაა“. მან ამ კონტექსტში პარალელი გაავლო სერბეთისა და კოსოვოს [აღიარებულია გაეროს ათეულობით წევრის მიერ] სიტუაციასთან.

„სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები. მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი ეტყვის, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტები ცუდი ადამიანები არიან – რაც უთხრეს, იმას იმეორებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი