ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმდა – მედია

1 აგვისტო, 2023 •
ცხინვალის პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმდა – მედია

ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, ვლადიკავკაზში გააუქმეს აგვისტოში დაგეგმილი ქართველი შემსრულებლების, მეგი გოგიტიძისა და დათო კენჭიაშვილის კონცერტები.

როგორც ეხოკავკაზა წერს ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატ ოსლან დიდაროვზე დაყრდნობით, კონცერტები, ვლდიკავკაზში ერთ-ერთ რესტორანში 16 და 25 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რესტორნის მფლობელებმა გაითვალისწინეს თხოვნა და გააუქმეს ისინი.

ვლადიკავკაზში ქართველი შემსრულებლების კონცერტების დაუშვებლობაზე განცხადებები სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

სამხრეთ ოსეთის ოპოზიციურმა პარტია “ედინაია ოსეტიამ” დაუშვებელი და არასოლიდარული უწოდა ომის 15 წლისთავზე დაგეგმილ ქართველი მომღერლების კონცერტს მოძმე ჩრდილოეთ ოსეთში.

ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების კონცერტების გამართვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მუდმივად უკმაყოფილების, ხისტი განცხადებებისა და აქციების მიზეზიც ხდება. მოტივი კი იგივეა – 2008 წლის აგვისტოს ომისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პატივისცემის ნიშნად,ქართულ ანსამბლებს ჩრდილოეთ ოსეთიც არ უნდა მასპინძლობდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი