ახალი ამბები

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით პირი დააკავეს

1 აგვისტო, 2023 • 1489
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით პირი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,  2023 წლის ივნის-ივლისის პერიოდში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეებზე უწყებამ 2 პირი დააკავა, ხოლო 6-ს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო სამსახურის თქმით, ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი გაუპატიურებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა არასრულწლოვანს ფარულად ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაუღო, მოგვიანებით კი ქუჩაში გააჩერა, აღნიშნული კადრები აჩვენა და მათი გავრცელების მუქარით არასრულწლოვან გოგოსთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავა.

აღნიშნულ პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა პირი, რომელმაც ბოლნისის რაიონში დაზარალებულს შიშველ მდგომარეობაში იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რაც ასევე პირადი მობილური ტელეფონით გადაიღო:

„ბრალდებულმა უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს. გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ი.ა-ს მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის მას ბრალდება წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ ,— ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ 6 პირს, საგამოძიებო სამსახურის თქმით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ:

ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალური ქსელის „facebook”-ის და „whatsapp”-ის საშუალებით სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების მხილება და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი