ახალი ამბები

ბათუმში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს – დაძაბულობა აქციაზე ნავსადგურში

31 ივლისი, 2023 • 3287
ბათუმში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს – დაძაბულობა აქციაზე ნავსადგურში

დღეს, 31 ივლისს, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში მოხვდა მოქალაქის დაკავების და ტერიტორიიდან გაყვანის კადრები.

ბათუმის ნავსადგურში აქცია ღამის 12 საათზე დაიწყო რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქციის მონაწილეებს: სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევს ნავსადგურთან შეკრების საშუალებას, როგორც აცხადებენ, „უსაფრთხოების“ მიზნით.

აქციის მონაწილეები შეეცადნენ მოერღვიათ ჯებირები და შესულიყვნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული.

„რუსებო“, „მონებო“ – ისმის შეძახილები აქციაზე პოლიციის მისამართით.

„ბათუმელები“ შს სამინისტროში აზუსტებს დაკავებულების რაოდენობას.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა ადგილიდან:

რა ხდება?

2923 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბათუმში შემოვა რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც კრუიზს ასრულებს მარშრუტით – სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

ლაინერი ბათუმში პირველად შემოვიდა 27 ივლისს, რასაც ბათუმში აქცია მოჰყვა ბათუმის ნავსადგურში და გემმა ბათუმი აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა.

აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.

„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები. ჩართეს საქართველოს ჰიმნი.

აქციის დაწყებიდან ერთ საათში გემმა ნავსადგური დატოვა.

აქციიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერი ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოვიდოდა.

27 ივლისს, აქციის დასრულებიდან მოკლე ხანში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ უწოდა ბათუმში გამართულ აქციას.

28 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა ბათუმში 27 ივლისს გამართულ აქციას რუსეთიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამაყობს ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი