მილიონ მომხმარებელზე მეტმა გამოთქვა მზაობა 2019 წელს, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, „ზონა 51“-ზე „შტურმით წასულიყვნენ“. თავდაპირველად ხუმრობად ჩაფიქრებულმა ფეისბუქ-ღონისძიებამ მოულოდნელად დიდი მასშტაბები მიიღო – საკმარისი აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიციალური კომენტარისთვის, რომელშიც უწყებამ მოუწოდა მოქალაქეებს, არ ეცადათ დახურულ ტერიტორიაზე შეჭრა.
„ზონა 51“ [Area 51] სწორედ აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაა, რომლის არსებობაც ოფიციალურად 2013 წელს დადასტურდა. უსაფრთხოების სერიოზული ზომებისა და სხვა მიზეზები გამოს ზონა იქცა როგორც სერიოზული, ასევე სახუმარო კონსპირაციული თეორიების ინსპირაციად.
„თუ [ანიმეს პერსონაჟის] ნარუტოს მსგავსად გავიქცევით, ტყვიებზე სწრაფები ვიქნებით. მოდით და ვნახოთ [იქ მყოფი] უცხოპლანეტელები“, – ნათქვამი იყო ზონის შტურმით აღების ღონსძიების აღწერაში.
ალბათ, ღონისძიების „ორგანიზატორები“ და „მონაწილეები“ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოთხ წელიწადში აშშ-ის კონგრესში დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ისაუბრებდა უცხოპლანეტელებსა და არამიწიერ სიცოცხლეზე.
„ყველაზე საინტერესო მოსმენა ამ კვირაში“
სხდომის გამართვა კონგრესში გადაწყვიტეს „ამოუცნობი საჰაერო ფენომენების“ გამოჩენის შესახებ შეტყობინებების რაოდენობის ზრდისა და ამ საკითხების მართვაში შესაბამისი უწყებების საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდის სურვილის შედეგად. მანამდე, საკმაო ხანი ეს თემა სასაცილოდაც კი მიიჩნეოდა.
აშშ-ის პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, „ესოშიეითიდ პრესი“ აღნიშნავს, რომ გადადმდგარი მაიორის, აშშ-ის საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, დეივიდ გრაშის ჩვენებამ ორივე პარტიის წარმომადგენლების ინტერესი გამოიწვია. მსგავს საკითხებზე წინა მოსმენებზე მყოფი მოწმეები ან რესპუბლიკურ პარტიას არ მოსწონდა, ან დემოკრატიულს.
„მოგესალმებით ამ კვირაში კონგრესის ქვეკომიტეტის ყველაზე საინტერესო მოსმენაზე“, – ასე გახსნა სხდომა თავმჯდომარემ, გლენ გროთმანმა.
მაიორმა გრაშმა გამოსვლისას არაერთი სენსაციური განცხადება გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ პირადად, საკუთარი თვალით, არც „არამიწიერი“ ხომალდი და არც „არამიწიერი“ არსება უნახავს.
გრაშმა განაცხადა, რომ სამხედრო უწყებაში მუშაობისას მიიღო ინფორმაცია ჩამოვარდნილი „ამოუცნობი საჰაერო ფენომენების“ [UAP- ამ ტერმინს იყენებს პენტაგონი „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ ნაცვლად] აღდგენის პროგრამაზე, რომელიც ათწლეულებია არსებობს. გრაშის თქმითვე, ორმოც მოწმესთან საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ აშშ-ის მთავრობას ჰყავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და მათი პილოტებიც, რომლებიც ადამიანები არ არიან.
დაზვერვის ყოფილ ოფიცერს კონგრესის წევრებმა ისიც ჰკითხეს, აქვს თუ არა აშშ-ის ხელისუფლებას ინფორმაცია არამიწიერ სიცოცხლეზე. მან უპასუხა, რომ დიდი ალბათობით, ვაშინგტონში ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან იციან „არაადამიანური“ აქტივობების შესახებ.
მანვე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია იმ ხალხის შესახებ, ვინც მთავრობის მიერ „არამიწიერი ტექნოლოგიის“ დამალვის პროცესში დაიღუპა და დაშავდა. თუმცა მეტ დეტალზე საუბარი მხოლოდ დაცული კომუნიკაციების ოთახში ისურვა.
გადამდგარი სამხედროს თქმითვე, ინფორმაციის გამჟღავნებისთვის მის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება დაიწყეს. დეტალებზე საუბარი მან არც ამ შემთხვევაში ისურვა – მიუთითა რა მიმდინარე გამოძიებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ „მათ [ხელმძღვანელობის] მიერ გამოყენებულმა ზოგმა ტაქტიკამ პირადად და კარიერულად ზიანი მოუტანა“.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უარყვეს, რომ საიდუმლოების დამალვის რამე მცდელობას ჰქონდა ადგილი. უწყების პრესსპიკერის განცხადებითვე, გამოძიებამ ვერ მოიპოვა გადამოწმებადი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა არამიწიერი წარმოშობის მასალების არსებობას ან წარსულში, ან ახლა.