ახალი ამბები

“ვამაყობ ჩვენი ხალხით” – პრეზიდენტი ბათუმში აქციაზე

28 ივლისი, 2023 •
“ვამაყობ ჩვენი ხალხით” – პრეზიდენტი ბათუმში აქციაზე

“ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს რუსული საკრუიზო ლაინერის ბათუმში შემოსვლასთან დაკავშირებით.

“რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის”, – წერს პრეზიდენტი.

ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა, რომლის მთავარი მიზეზი რუსული საკრუიზო გემია, რომელიც პორტში 27 ივლისს, გამთენიისას შევიდა.

„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთის და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები.

გემმა ბათუმის პორტის დატოვება აქციის ფონზე, დაახლოებით, 21 საათზე დაიწყო.

რუსულ გემზე ასეულობით რუსი ტურისტია, რომლებმაც მედიასთან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან შეუსაბამო კომენტარები გააკეთეს. ერთმა მათგანმა ისიც თქვა, რომ აფხაზეთსაც სტუმრობდა, რაც ქართული ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის დარღვევაც არის. ჯერჯერობით უცნობია, ამ საკითხზე რაიმე რეაგირება მოახდინა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ტურისტთა ნაწილი აქციის მონაწილეებს გემბანიდანაც შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებდა. გემთან მისასვლელ ტერიტორიას პოლიცია იცავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი