აფხაზეთში რუსებისთვის ე.წ. აპარტამენტების მშენებლობასა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით ცხარე დისკუსიების ფონზე, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენადაა მნიშვნელოვანი აფხაზეთის ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის მსგავსი ნაბიჯები, რადგან რუსეთი მუდმივად ვერ დაეხმარება მათ.
“აფხაზეთს აქვს პოტენციალი, რომელსაც ვერ ამუშავებს და არსებობს რისკი, რომ ეს პოტენციალი გამოუყენებელი დარჩება. ყველამ ვიცით, რომ ძალოვანი უწყებებისა და საბიუჯეტო თანამშრომლების ნაწილი ხელფასები რუსეთიდან იფარება, რომელიც უმძიმეს ომს აწარმოებს, რომლის თითოეული დღე 500 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში”, – განაცხადა ბჟანიამ სოხუმში, ქალაქის წარმომადგენლობასთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, “შეიძლება ისე მოხდეს, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა ნორმალურად ვეღარ იფუნქციონირონ იმიტომ, რომ ორი ათას რუბლზე მუშაობას ბევრი არ დათანხმდება”.
“არავის ვაშინებ, თუმცა, თუ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გვქონდეს. განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია, ამიტომაც სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ ისინი 30-40-ჯერ მეტი უნდა იყოს”.
ბჟანიას თქმით, დარწმუნებულია იმაში, რომ აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობისთვის შესაბამისი კანონის მიღება მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის და შეასრულებს პოზიტიურ როლს ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა აეროპორტის რეკონსტრუქცია და ქვეყნის გაზიფიკაცია.
მან ასევე მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ ეკონომიკური საკითხების პოლიტიზებისგან.
საუბარია „აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ახალი კანონის მიღებაზე, რომელიც შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებშივე მიიღონ აფხაზეთში.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა.
აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია. რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების შეძენასთან დაკავშირებული აკრძალვები არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი.








