ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი ყარაბაღში ჰუმანიტარულ დახმარებას არ ატარებს – ფაშინიანი

27 ივლისი, 2023 • 1862
აზერბაიჯანი ყარაბაღში ჰუმანიტარულ დახმარებას არ ატარებს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცახდებს, რომ აზერბაიჯანი არ ატარებს სომხეთიდან ყარაბაღში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს საკვები პროდუქტითა და წამლებით. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

“მიზეზი ის ხომ არაა, რომ აზერბაიჯანის რეალური მიზანია, შიმშილით ამოხოცოს მთიანი ყარაბაღის ხალხი და გენოციდი მოუწყოს? მიუხედავად ჩვენი შეფასებებისა, ველოდებით ოფიციალური ბაქოსგან დადებით პასუხს, ვინაიდან ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე უარი დაადასტურებს ჩვენს ვარაუდს ბაქოს სწრაფვაზე, მთიან ყარაბარში გენოციდი განახორციელოს”, – განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ოფიციალური ბაქო გუშინვე გამოეხმაურა ერევნის მოქმედებებს და ის პროვოკაციად და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობაზე თავდასხმად შეაფასა. ამასთან, ბაქო ლაჩინის კოროდორის [რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს] ალტერნატივად ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას ჰუმანიტარული მიზნებისთვის აღდამის გზას [აზერბაიჯანის მხარე] სთავაზობს.

ამასთან დაკავშირებით განცახდება გააკეთა საგარეო საქმეთა და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და განაცხადა, რომ აღდამის გზა ლაჩინის კორიდორის ალტერნატივად არ უნდა იყოს განხილული.

სომხეთიდან მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისთვის, რომელთაც 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, ბაქოს გადაწყვეტილებით, თავისუფალი გადაადგილება აღარ შეუძლიათ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი – საკვები და წამლები -19 სატვირთო მანქანით 26 ივლისს გაიგზავნა. ტვირთი რუსეთის სამშვიდობოების შუამავლობით უნდა შეეტანათ სტეპანაკერტში, თუმცა, ამ დრომდე არ შესულა.

სომხური მხარის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი, რომლის შეგროვებაში მოქალაქეები მონაწილეობდნენ, შაქარი, ფქვილი, ზეთი, მაკარონი და საბავშვო კვებაა.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი