ახალი ამბები

შსს-ს იურისტმა პროცესზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე მოითხოვა — “დროას” წევრი

26 ივლისი, 2023 • 18771
შსს-ს იურისტმა პროცესზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე მოითხოვა — “დროას” წევრი

ყვარელში დაკავებული აქტივისტების საქმის განხილვისას შსს-ს წარმომადგენელმა მოითხოვა გურჯაანის სასამართლოს მოსამართლის აცილება, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე სურდა — ინფორმაციას პარტია “დროას” წევრი, შუშანა მაცაბერიძე ავრცელებს.

საუბარია სასამართლო პროცესზე, რომელზეც განიხილეს სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილის გაპროტესტებისას დაკავებული აქტივისტების საქმე. ეს რიგით მეორე სხდომა იყო, რომელიც 25 ივლისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. ბრალდებულთაგან ერთ-ერთია შუშანა მაცაბერიძე, რომელმაც “ნეტგაზეთს” პროცესზე მომხდარის შესახებ უამბო.

“კურიოზული მომენტი იყო. ჩვენ, ვინც იქ ვისხედით ე.წ. დამნაშავეების ამპლუაში, წლებია ვითხოვთ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ სასამართლოს და ამოძირკვას სასამართლოს კლანისა, რომელიც ზღუდავს ქვეყნის განვითარებას კონკრეტული კუთხით.

ამ ყველაფრის შემდეგ, ვსხედვართ ამ სასამართლოზე და ვიგებთ, რომ შსს-ს იურისტი აყენებს შუამდგომლობას, რომლითაც ითხოვს მოსამართლის აცილებას და აყოლებს ასეთ წინადადებას: ჩვენ გვინდა, მოსამართლე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყოსო. ეს იყო იმდენად აბსურდული და სასაცილო, რომ ვერავინ შეიკავა დარბაზში სიცილი”, — ჰყვება მაცაბერიძე.

მოსამართლე იოსებ აბრამიძე 

მისი ინფორმაციით, შსს-ს იურისტმა თქვა, რომ წარსულში ჩატარებული ერთ-ერთი სხდომის შემდეგ, მოსამართლე იოსებ აბრამიძის სახელზე საჩივარი ჰქონდა დაწერილი. მაცაბერიძის ცნობით, შსს-ს წარმომადგენელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ საჩივრის არსებობის ფონზე, მოსამართლე არ იქნებოდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

“მოსამართლემ თქვა, საერთოდ პირველად მესმის, რომ სარჩელი გაქვთ ჩემს სახელზე შემოტანილიო. რა სარჩელზეა საუბარი, ეგეც არ ვიცი და რა პროცესზეა საუბარი, ეგეც არ ვიციო”, — ჰყვება “დროას” წევრი.

მაცაბერიძის ცნობით, შსს-ს იურისტმა არ დააკონკრეტა, რომელი პროცესის გამო დაწერა მოსამართლე აბრამიძის სახელზე საჩივარი, მიზეზად კი კონფიდენციალურობა დაასახელა. საბოლოოდ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აცილების შუამდგომლობა.

“რაღაც მომენტში ვფიქრობდი, ხომ ნამდვილად საქართველოში ვარ ან ხელისუფლება ხომ არ შეიცვალა-მეთქი. შსს-ს იურისტი ითხოვს მოსამართლის აცილებას, რადგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე სჭირდება და ამ დროს მოსამართლე ეუბნება, რომ თქვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, რადგან არაფერზეა დაფუძნებული თქვენი მოთხოვნაო.

მგონი, რაღაც მომენტში, 5-წამიანი სამართლიანი სასამართლო გვქონდა, მერე კი ისევ დაუბრუნდა თავის შავბ-ბნელ ამბებს, რომლებიც წლებია, იქ ტრიალებს”, — აღნიშნავს შუშანა მაცაბერიძე.

შუშანა მაცაბერიძე. ფოტო: Shalika Studio 

როგორც “დროას” წევრი ჰყვება, ამ შემთხვევის გამო გაეცინა, რის შემდეგაც სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, ცოტა ხნის მერე კი დარბაზიდან გააძევეს, რადგან კიდევ ერთხელ გაეცინა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის სიტყვებზე, რომელიც პროცესზე მოწმედ იკითხებოდა.

“[აქტივისტ] გელა ხასაიას [დაკავების] მოწმის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელმაც თქვა, რომ 20-30 მეტრის მოშორებით იდგა და ვერ დაინახა ვერაფერი: რა ფერის იყო მანქანა, რამდენი ადამიანი იდგა გზის სავალ ნაწილზე… საერთოდ, ვერაფერი ვერ დაინახა.

ერთადერთი, რაც დაინახა 20-30 მეტრიდან, იყო გელა ხასაიას მუშტი. და როცა ჰკითხეს, როგორ გაარჩიეთ, რომ ეს გელა ხასაიას მუშტი იყოო, დააყოლა, რომ გელა ხასაიას მუშტის დარტყმის ხმა გაიგო. იქ უკვე შეუძლებელი იყო თავის შეკავება”, — აღნიშნავს მაცაბერიძე.

გურჯაანის სასამართლო, ჯამში, 14 აქტივისტის საქმეს განიხილავს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე. ორივე მათგანი დასავლური სანქციების ქვეშ არის. ისინი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.

ამ ფაქტის გახმაურებას ყვარელში აქტივისტთა პროტესტი მოჰყვა, რომლის დროსაც პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა. ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, დანარჩენების საქმის განხილვა კი ახლაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი