ახალი ამბები

საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

25 ივლისი, 2023 • 1798
საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

უკვე რამდენიმე დღეა, საბერძნეთის არაერთ რეგიონში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დღეს, 25 ივლისს, ქალაქ კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე, სულ მცირე, 2 ადამიანი იყო.

ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა რეგიონიდან და კუნძულიდან მიმდინარეობს ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია. ხანძრის გამო ზოგ აეროპორტში შეფერხებულია ავიარეისების შესრულება.

მიუხედავად რთული პირობებისა, კომერციული ავიაკომპანიების ნაწილი მაინც ასრულებს ავიარეისებს, ძირითადად, უცხოელი ტურისტების უკან, სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

როგორც BBC წერს, ავიაკომპანია EasyJet-ის პილოტმა, რომელიც რეისს ბრიტანეთიდან როდოსის კუნძულის მიმართულებით ასრულებდა, აფრენამდე მგზავრები გააფრთხილა კუნძულზე არსებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ.

მედიასაშუალების ცნობით, პილოტმა მგზავრებს უთხრა, რომ „როდოსის კუნძულზე დასასვენებლად ამ მომენტში გამგზავრება საშინელი იდეაა“, რადგან იქ ჩარჩენილ ტურისტებსა და ადგილობრივებს ძილი აეროპორტში უწევთ. პილოტმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ რეისს საგანგებო რეჟიმით ასრულებდა და როდოსიდან რეისების შესრულება თვითმფრინავებს სამხედროების დახმარებით უწევთ.

BBC-ის ინფორმაციით, პილოტის გაფრთხილების შემდეგ თვითმფრინავი რამდენიმე ადამიანმა დატოვა.

ძლიერი ხანძარი მძვინვარებს როდოსის კუნძულზეც.

ვითარებას ართულებს ძლიერი სიცხე და ქარი. ძლიერი ხანძრებია ესპანეთსა და იტალიაში. ტყე იწვის პალერმოს აეროპორტის მიდამოებში.

მთავარ ფოტოზე: საბერძნეთში ხანძარს ერძვიან/EPA-EFE/VASILIS PSOMAS

მასალების გადაბეჭდვის წესი