ახალი ამბები

ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ — სააკაშვილი

24 ივლისი, 2023 • 2073
ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ — სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს წევრი სოფო ჯაფარიძე საზოგადოებასთან ურთიერთობების ნაწილში მისი წარმომადგენელი იქნება.

სააკაშვილის მიერ “ფეისბუკზე” გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ამ კუთხით თანამშრომლობა ჯაფარიძეს თავად შესთავაზა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრიც დათანხმდა შეთავაზებას.

“ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს, ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ. ასევე, მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს, ეს არ ანაცვლებს პარტიის რაიმე ფუნქციას (თუმცა სოფო პარტიის აქტიური ლიდერია საკრებულოში).

არსებობს ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს ან არ ეხებოდეს პოლიტიკას. სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია. ის არის უნიჭიერესი და აქვს საზოგადოების დიდი ნდობა. მიხარია, რომ დათანხმდა. სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს.

ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს”, — წერს სააკაშვილი.

სოფო ჯაფარიძე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, პარტიას 2021 წლის დასაწყისში შეუერთდა.

მანამდე  მართავდა ფეისბუკ-პლატფორმას, სახელწოდებით “medguide”, რომელიც პანდემიის კრიზისის დროს პაციენტებსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის პროცესში იყო ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი