ახალი ამბები

პოლიციელის მხრიდან ახალგაზრდაზე შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

21 ივლისი, 2023 • 1377
პოლიციელის მხრიდან ახალგაზრდაზე შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, პოლიციელის მხრიდან 21 წლის ახალგაზრდაზე შესაძლო ძალადობის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

21 წლის ლაშა ჟღენტმა 20 ივნისს განაცხადა, რომ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, პოლიციამ მასზე იძალადა. როგორც ლაშა ჟღენტი „მთავარ არხთან“ ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქუჩაში ძმასთან ერთად მიდიოდა და პოლიციამ ჩხრეკის მიზნით გააჩერა.

„მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამოწიეს. ვხვდები, რომ ზედაპირულად გაჩხრეკა შეუძლიათ, მაგრამ როცა „ტრუსი“ გამოწიეს, ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. [პოლიციის] მანქანაშიც მგუდავდნენ. მანქანაში რომ მტენიდნენ, ხომ არ დავდგებოდი და ვეტყოდი, ძალით ჩამტენეთ-მეთქი. მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მანქანაშიც მირტყეს თავში“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ლაშა ჟღენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი