ახალი ამბები

„რუსი პრემიერის 4 ტყუილი“ — სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

20 ივლისი, 2023 •
„რუსი პრემიერის 4 ტყუილი“ — სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს.

მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, სადაც სააკაშვილმა ჩამოთვალა „რუსი პრემიერ ღარიბაშვილის 4 ტყუილი“:

  1. „ის ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ომის დასაწყებად და მეორე ფრონტის გასახსნელად გამომგზავნა. მე საქართველოში ჩამოვედი ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე, როცა არათუ უკრაინის, არამედ ამერიკის დაზვერვამ არ იცოდა ომის დაწყების პერსპექტივის შესახებაც კი. ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი — „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელება.
  2. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობენ, სააკაშვილის ხელისუფლება რომ ყოფილიყო, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. ეს იაფფასიანი ტყუილია, დაასახელოს ოფიციალური პირის ერთი გვარი მაინც, რომელიც ამას ამბობდა. რა თქმა უნდა, ასეთი არ არსებობს.
  3. ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ დაბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა.
  4. უკრაინის ხელისუფლების გამოგზავნა მე არ მჭირდებოდა. სრულიად საჯაროდ მქონდა დიდი ხნის განმავლობაში დეკლარირებული პოზიცია, რომ ჩამოვიდოდი შარლ მიშელის შეთანხმებასა და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და დაპირება შევასრულე“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის პასპორტში შტამპი ვერ აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ქვეყნიდან გასვლისას უკრაინულ პასპორტში შტამპი, როგორც წესი, არ ირტყმება.

„ის, რომ საქმე გვაქვს რუსულ ხელისუფლებასთან, უტყუარად მტკიცდება მათი გართულებით გენერალ ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით. გია არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი და ძალიან ბევრ ოპერაციას ხელმძღვანელობს რუსების წინააღმდეგ და რამდენადაც ვიცი, უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭეს. რა თქმა უნდა, ის რუსებს და ქოცრუსებს ნერვებს უშლის“, — აცხადებს სააკაშვილი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკრიტიკებს უკრაინას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო და ვარაუდობს, რომ კიევი წინასწარ ინფორმირებული იყო სააკაშვილის კანონდარღვევით საქართველოში დაბრუნების შესახებ.

მისი თქმით, როდესაც საქართველოში კონტეინერით შემოიპარა, სააკაშვილმა უკრაინაშიც კანონდარღვევით გადაკვეთა საზღვარი, თუმცა უკრაინამ არათუ გამოძიება დაიწყო, დღემდე იკავებს თანამდებობას, ასევე, უკრაინულმა მხარემ დააწინაურა გია ლორთქიფანიძე, რომელიც სააკაშვილს საქართველოში შემოსვლაში ეხმარებოდა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სიტყვა მეორე ფრონტი უკრაინელების მხრიდან მომდინარეობს და ზელენსკის მრჩევლები ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არ არის ომის ხელისუფლება, სააკაშვილი კი ამას გააკეთებდა.

პრემიერი, სავარაუდოდ, ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს კი შეეძლო ამის გაკეთება.

უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი